English / ქართული /








Journal number 4 ∘ Dimitri Javakhadze
Development of Electronic Services in Georgia

Functioning in „good governance“plays a crucial role for business, where the rule of law is guaranteed, the right to property is protected, the transparent and responsible attitude of governments towards business is felt.

Due to the main goals of business, save time and financial resources, decrease administrative pressure, simplify communication with partners, more efficiently manage self-sustaining in the existing competitive world, without the introduction of electronic services in compliance with international standards, it is unacceptable.

The article reviews important electronic services for business and their development opportunities.

Keywords: El-Services; El-Commerce; El-Management; El-Platforms

JEL Codes: L80, L81, L86, M15

ელექტრონული სერვისების განვითარება საქართველოში

ახალი ათასწლეულის დასაწყისში სულ უფრო შეუქცევად ხასიათს იღებს ინტერნეტისა და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარება, იზრდება საერთაშორისო და ადგილობრივი ბიზნესის მასშტაბებიც. ბიზნესის ყველა სფეროში ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება განვითარების საშუალებას აძლევს როგორც ტრადიციულ, ასევე თანამედროვე ბიზნეს-მოდელებს, სადაც ინფორმაციის სწრაფი და ზუსტი მიწოდება უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს, რაც ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების გარეშე წარმოუდგენელია. ელსერვისები მარავალფეროვანია, იცვლება პერმანენტულად და იზრდება შეუჩერებლად. ელსერვისები სამყაროს მასშტაბით განუხრელად ვრცელდება, როგორც ელექტრონული მმართველობის, ასევე ელექტრონული ბიზნესის სახით.

საკვანძო სიტყვები: ელსერვისები; ელკომერცია; ელმმართველობა; ელპლატფორმები.

დიგიტალური რევოლუციის გლობალურ პირობებში მნიშვნელოვნადაა შეცვლილი საზოგადოებრივი ცხოვრების საერთო სურათი, გამონაკლისი არც საქართველოა, სადაც ელექტრონული სერვისების განვითარების ხელშემწყობი თანამედროვე ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება ელექტრონული მმართველობის სამოქმედო გეგმის ნაწილია, რომელიც გარკვეულ სტრატეგიაზეა აგებული. ელექტრონული სერვისები საქმიანობების, ძალისხმევების, ღონისძიებებისა თუ სხვადასხვა ტიპის ქმედებების საკომუნიკაციო ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებით მიწოდებაა. შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანა ძალღონეს არ იშურებს მოქალაქეებისა და ბიზნესის საჭიროებებიდან გამომდინარე გაამარტივოს და გაამდიდროს სერვისების მიწოდება, უზრუნველყოს შესაბამისი ინფრასტრუქტურა და გახადოს იგი ხელმისაწვდომი ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის.

საქართველოში ელექტრონული სერვისების ზოგადი შეფასებისთვის რთულია გვერდი აუარო გაეროს „ელექტრონული მმართველობის განვითარების ინდექსს“, კვლევას, რომელიც ყოველ ორწელიწადში ქვეყნდება და საქართველოსაც ყოველ ჯერზე საინტერესო ტენდენციები უფიქსირდება, რაც ძირითადად პოზიტიური დინამიკაით გამოიხატება, კერძოდ 2008 წელს 193 ქვეყანს შორის 143 ადგილი ეკავა, 2010 წელს მე-100 , 2012-ში 72-ე, 2014 წელს 56-ე, ხოლო 2016 წელს პოზიცია ოდნავ გაუარესდა და 61-ე ადგილზე გადაინაცვლა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მსოფლიოში მიმდინარე ტენდენციების გამო, კონკურენტული საფეხურების შენარჩუნება რთულდება და მუდმივ გამოწვევად რჩება [1].

საინტერესოა  საქართველოს მაჩვენებელი, სხვა მეზობელ და ყოფილ საბჭოთა ქვეყნებთან მიმართებით, აქ წლების განმავლობაში ესტონეთი ლიდერობს, ყველაზე ჩამორჩენილები ტაჯიკეთი და თურქმენეთია, ხოლო საქართველო საშუალო პოზიციებს ინარჩუნებს, აღსანიშნავია აზერბაიჯანი, ბელორუსი და ყაზახეთი, სადაც წლებია ხელისუფლებები არ შეცვლილა და მათ საქართველოზე უკეთესი პოზიციები უკავიათ წარმოდგენილ კვლევებში (იხ. ცხრილი 1).

ელმმართველობის განვითარების ინდექსი საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში [1]

ცხრილი 1

ელექტრონული სერვისების გავრცელებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურული უზრუნველყოფა, არა მხოლოდ კომპიუტერული ტექნიკით აღჭურვას, არამედ ელ-სერვისებისთვის აუცილებელ ინტერნეტის ქსელით მოსახლეობის მაქსიმალურ დაფარვას მოითხოვს. საქართველოს კომუნიკაციების მარეგურილებელი ეროვნული კომისიის მონაცემებით, ინტერნეტის აბონენტთა რიცხვი 2014 წლის იანვრიდან 2016 წლის დეკემბრამდე, 444,244-დან 646,620-მდე, ანუ ორასი ათასზე მეტი მომხმარებლით გაიზარდა. ფიქსირებული სატელეფონო აბონენტების რიცხვი 2013 წლის თებერვალში 1.213.558 იყო, ხოლო 2016 დეკემბერში 793.328 მდე შემცირდა. რაც შეეხება მობილური ტელეფონის აბონენტებს, 2013 წლის იანვარში 4.173.281 ნომერი იყო აქტიური მობილურ სატელეფონო ქსელში, 2016 დეკემბერში კი მისმა რაოდენობამ 4949.244 შეადგინა, შესაბამისად 775 ათასზე მეტი აქტიური ტელეფონით მნიშვნელოვანი ზრდა სახეზეა. აღნიშნული ციფრები იმაზე მეტყველებს, რომ ადამიანების უმრავლესობა უფრო მეტ მნიშვნელობას სწორედ მობილურ ტელეფონს ანიჭებს. მობილური ინტერეტის აბონენტების რაოდენობა 2013 წლის იანვრის 977.888 -დან 2016 წლის დეკემბერის ჩათვლით 1928.913- მდე [2], თითქმის მილიონით გაიზარდა, რაც საოცარი შედეგია და მნიშვნელოვანი ციფრია ბიზნესისთვის, რომელსაც გაუჭირდება თავი აარიდოს ბაზრის ასეთ სეგმენტს. ასევე, 2016 წელს ინტერნეტის გავრცელების თავსუფლების კუთხით Freedom House-ის რეიტინგით, საქართველო მე-25 ადგილზეა 100 ქვეყანას შორის [3]. მსოფლიო ბანკის 2017 წლის მონაცემებით, ბიზნესის დაწყების სიმარტივით საქართველო მე-8 ადგილზეა (190 ქვეყნიდან) [4], რაშიც ბიზნესის ელექტრონული რეგისტრაციის შესაძლებლობას დიდი წილი უჭირავს, ასევე საერთაშორისო სააგენტო „We are Social“-ის კვლევით ინტერნეტ მომხმარებელთა რიცხვი 2017 წლის 24 იანვრის მონაცემებით 2.5 მლნ-ს შეადგენს [5]. ქართული ელექტრონული სერვისები, მსგავსად სხვა ქვეყნებისა, ორიენტირებულია G2C, G2B, B2G G2NGO და G2G სერვისების მიწოდებაზე. უკვე დანერგილია ელექტრონული სერვისები პასპორტის, პირადობის მოწმობის, საცხოვრებელი მისამართის, ქორწინების, გარდაცვალების, მინდობილობის და ა.შ. მოწმობების გაცემისას. მიმდინარეობს ელექტრონული მოწმობების უსასყიდლოდ გაცემის აქციები, რამაც საგრძნობლად გაზარდა სამოქალაქო რეესტრში მოქალაქეთა ბიომეტრიული მონაცემების რაოდენობამ, რაც მნიშვნელოვანია საარჩევნო სიის დახვეწისა და ევროკავშირში უვიზო მიმოსვლისთვის, რომელიც 2017 წლის მარტის შემდეგ შესაძლებელი გახდა.

მნიშვნელოვანია, რომ 2012 წლიდან შექმნილია მოქალაქის პორტალი  my.gov.ge, რომელშიც თითქმის ყველა სახელმწიფო სერვისია ინტეგრირებული და გააჩნია უნიკალური ფუნქცია ბიზნესის ონლაინ რეგისტრაციისა, რაც უდავოდ წინ გადადგმული ნაბიჯია ელსერვისების როლიდან გამომდინარე ბიზნესის განვითარებაში, როცა ყოველგვარი ბიუროკრატიული წინაღობის გარეშე მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან შესაძლებელია დაარეგისტრირონ ბიზნესი საქართველოში. აღნიშნული სერვისი „ბიზნესის ონლაინ რეგისტრაცია“, თემატურ სექციაში - „ბიზნესი“ ინტერნეტის გავლით მარტივი და ზედმეტი პროცედურების გარეშე ხორციელდება. პორტალზე, ელექტრონული მეთოდით დღემდე 300-ზე მეტი ბიზნესია დარეგისტრირებული, ასევე, ინტეგრირებულია 70-ზე მეტი სერვისი სხვადასხვა სამთავრობო უწყებისა და შესაძლებელია ამ უწყებებიდან სხვა სერვისებთან ერთად, საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა [6], სამწუხაროა, რომ დღემდე არ არის ყველა უწყება ინტეგრირებული მოქალაქის ამ პორტალზე.

ელექტრონული სერვისების დანერგვამდე, გადამხდელები დეკლარაციებს თუ სხვა სახის დოკუმენტებს რეგიონულ საგადასახადო სამსახურებში წარადგენდენ, მათივე რეგისტარციის ადგილის მიხედვით, რაზეც დიდ დროს და გზის ფულს ხარჯავდნენ. 2010 წელთან შედარებით (64-ე ადგილი) მნიშვნელოვანი გაუმჯობესებაა გადასახადების გადახდის სიმარტივის რეიტინგში. 2017 წლის ანალიზის შედეგად, რომელსაც Price Waterhouse Cooper (PwC)-ი აკეთებს საქართველოს 22-ე ადგილი უჭირავს 189 ქვეყანას შორის [7], მაჩვენებლები სამი ინდიკატორის მიხედვითაა დათვლილი: გადასახადების ერთიანი განაკვეთი, გადასახადების გადახდისათვის საჭირო დრო და გადახდების რაოდენობა. აღსანიშნავია მნიშვნელოვანი წინსვლა გადასახადების გადახდისთვის საჭირო დროის ინდექსში, რომელიც ჯამში 270 საათს შეადგენს, 2016 წელს ის 362 საათით ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო რეგიონში და შესაბამისად, საქართველო მე-40 ადგილს იკავებდა საერთო რეიტინგში [7]. აღსანიშნავია საჯარო ფინანსების მართვის სისტემა (PFMS) შედგება კონკრეტული მიზანის მატარებელი ქვესისტემებისგან, რაც მნიშვნელოვანი საყრდენია G2G-ის და G2B-ის მოდერნიზაციისთვის, საჯარო ფინანსების, ვალებისა თუ სხვა აქტივების დაგეგმვის, შეგროვებისა და ხარჯვისთვის, რომლთა მართვაც მთავრობას უწევს. თითოეული მათგანი საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებს და ქართული ელმმართველობის თვალსაჩინოებას წარმოადგენს: ბიუჯეტის მართვის ელექტრონული სისტემა (eBudget), სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემა (eTreasury), სახელმწიფო ვალის და საინვესტიციო პროექტების მართვის სისტემა (eDMS), ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემა (eHRMS), გადასახადების მართვის საინფორმაციო სისტემა (rs.ge), სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემა (procurement.gov.ge) [8]. ელ-სერვისების დანერგვას მხოლოდ ბიუროკრატიული ბარიერების შემცირება არ გამოუწვევია, მან შესაბამისად კორუფციის შესაძლებლობებიც შეამცირა, რადგან ელექტრონულად დეკლარაციების წარდგენამდე საგადასახადო დოკუმენტაციის დადასტურება წარდგენის მომენტში არ ხდებოდა, ის დამხმარე დოკუმენტებში არსებული მონაცემების დამუშავებაზე იყო დამოკიდებული, რასაც დამატებით გარკვეული დრო სჭირდებოდა, შესაბამისად მონაცემები დაგვიანებით შედიოდა სისტემაში და საგადასახდო მონიტორინგი შეფერხებით მიმდინარეობდა. ეს, თავისთავად, სხვა ხარვეზებთან ერთად, კორუფციის წარმოშობის ალბათობასაც ზრდიდა. ელ-სერვისების შემოღების შედეგები კი სახეზეა: თანამედროვე ბლეიდის ტექნოლოგიაზე გადასვლა, საგადსახადო პროცესის ვირტუალიზაცია, მონაცემთა ბაზის სარეზერვო უზრუნველყოფა და ბიზნეს-პროცესის უწყვეტობა უწყებაში [9]. 2017 წლის 20 მარტის მდგომარეობით, აქტიური სტატუსი უფიქსირდება 412679 გადამხდელს , მათ შორის შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებ გვერდის rs.ge -ის ავტორიზებული მომხმარებელია 355368 გადამხდელი, რაც მთლიანის 86 %- ია. ასევე, იმავე დროის მონაცემებით, შემოსავლების სამსახურის მობილური აპლიკაცია ჩამოტვირთულია 21832 მომხმარებლის მიერ, ხოლო ამ აპლიკაციით სარგებლობს 6245 მომხმარებელი. საინტერესოა ელფორმით წარდგენილი დეკლარციების რაოდენობაც [10].

ინფორმაცია ელექტრონული ფორმით წარმოდგენილი წლიური დეკლარაციების შესახებ წლების მიხედვით [10]

ცხრილი 2

აღსანიშნავია, რომ ელ-შესყიდვების სერვისების საშუალებით აღმოიფხვრა როგორც გეოგრაფიული უთანასწორობა, ასევე, კორუფციის შესაძლებლობები. ერთიანი ელსისტემის დანერგვის შემდეგ გამარტივდა შესყიდვების პროცედურები, რადგან სატენდერო დოკუმენტაციის წარდგენა ელექტრონული ფორმითაა შესაძლებელი და ხელშეკრულების დადების შემთხვევაში ერთი ვიზიტიც საკმარისია მიმწოდებლის მხრიდან შემსყიდველ უწყებაში, ნებისმიერი სტუმრისთვის ნებისმიერი სატენდერო ინფორმაციაზე წვდომის შესაძლებლობით, რაც ელსისტემისადმი მაღალ სანდოობას წარმოშობს. 2017 წლის 11 აპრილის მდგომარეობით, სახელმწიფო შესყიდვების ელ-სისტემაში რეგისტრირებული იყო 1612 მომხმარებელი და 2456 სტუმრის სტატუსის მქონე მომხმარებელი. რაც შეეხება მიმწოდებელთა რაოდენობას, კვლავ მაღალი და მზარდი დინამიკა შეიმჩნევა კერძო სექტორის მხრიდან. მხოლოდ 2016 წლის განმავლობაში სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული მართვის სისტემას 5659 ახალი მიმწოდებელი შეემატა და ჯამში 30704 მიმწოდებელი შეადგინა, 2015 წლისთვის საქართველოში დაახლოებით 160 ათასი აქტიური ეკონომიკური ოპერატორი ფიქსირდებოდა, 2016 წლისთვის 1123 არარეზიდენტი მიმწოდებელია 2015 წლისთვის სისტემაში სულ რეგისტრირებული იყო 58 ქვეყნის 704 არარეზიდენტი მიმწოდებელი,რაც 2014 წლის მონაცემებს 222 მიმწოდებლით, ანუ 46%-ით აღემატება. აღსანიშნავია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ შესყიდვების ელექტრონული სისტემით განხორციელებული ეკონომია სახელმწიფო საბიუჯეტო სახსრებისა, რომელიც მხოლოდ 2015 წლის განმავლობაში 300 მლნ ლარამდე, ხოლო 2016 წელს 280 მლნ ლარამდეა, რაც სავარაუდო შესყიდვების ჯამური ღირებულების დაახლოებით 10,9 %-ია. შესაბამისად, ელექტრონული სერვისის გამოყენების სავარაუდო ეფექტიანობა მიღწეულად შეიძლება ჩაითვალოს, რადგან ელსისტემის ამოქმედებიდან დღემდე მლრდ-ზე მეტი თანხაა დაზოგილი ელშესყიდვების გამოყენების მეშვეობით [11].

ელექტრონული კომერციის პლატფორმები, რომლებიც ბიზნესს ონლაინ მაღაზიების, ელბაზრების მოსაწყობად აუცილებელ პროგრამულ უზრუნველყოფასა და გადაწყვეტებს სთავზობენ მომხმარებლებს. საქართველოსა და მის მეზობელ ქვეყნებში სხვდასხვანაირად არის გავრცელებული (იხ. ცხრილი 3).

საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში გავრცელებული ელკომერციის პლატფორმები, %, 2016 წ. [12]

ცხრილი 3

კვლევა წარმოაჩენს WooCommerce-სა და OpenCart-ის მაღალ მაჩვენებლებს რეგიონში, ასევე საინტერესოა ის, რომ ელპლატფორმები, რომლებიც საქართველოშია გავრცელებული, არ არის წარმოდგენილი მეზობელ ქვეყნებში და პირიქით. აღნიშნული საიტების გამოყენების სულ რამდენიმე ათეული შემთხვევაა საქართველოში, რადგან ჯერჯერობით მოიკოჭლებს შესაბამისი სერვისების დანერგვისა და გამოყენებისთვის აუცილებელი ცოდნა და უნარჩვევები, ხშირ შემთხვევაში, არ სარგებლობენ თავად სერვისების მომწოდებელთა მიერ შემოთავაზებული ონლაინ-ტრენინგებითა თუ პროგრამის სატესტო უფასო ვერსიებით.

ბიზნესკომპანიები, რომლებსაც წარმატება სურთ, ჩაბმული უნდა იყვნენ სამარათონო რბოლაში, რათა ადაპტირება და გამოყენება შეძლონ ახალი ტექნოლოგიების, სანამ ისინი ჯერ კიდევ აქტუალურები, რელევანტურები და სასარგებლონი არიან.

საინტერესო და აუცილებელია ელექტრონული ბაზრის გლობალური ტენდენციების გაანალიზება, რადგან თანამედროვე ბიზნეს-სუბიექტებისთვის, რომლებიც საქართველოში არსებობენ და მომავალში დაფუძნდებიან, მხოლოდ ქართული ბაზარი, მისი სიმცირის გამო, მათი განვითარებისთვის საკმარისი ვერ იქნება და  უნდა ეცადონ საერთაშორისო ბაზრებზე შესაბამისი კონკურენტული ადგილები მოიპოვონ, მით უფრო მაშინ, როცა ელექტრონული სერვისების გამოყენებით შესაძლებელია, ბიზნეს-ინტელიგენსის (BI) დანერგვა, როგორც მნიშვნელოვანი მექანიზმი კომპანიის შიდა სტრუქტურული მართვისა და კონტროლისთვის, ასევე, BI-ის განხორციელებაში გამოყენებული ელექტრონული სერვისებისა კლიენტებთან ურთიერთობაში და მობილური BI-ის დანერგვის და მოხმარების მნიშვნელობის გაანალიზება კომპანიის განვითარებისთვის. ასევე, შესაძლებელია ელექტრონული კომერციის პლატფორმების გამოყენება, რომლებიც უზრუნველყოფენ ბიზნესს შესაბამისი ელექტრონული სერვის-პაკეტებით, პროგრამული უზრუნველყოფით, რაც ელექტრონული ვაჭრობისთვის და სხვადასხვა ტრანზაქციული ურთიერთობისთვისაა საჭირო. მსგავსი პროდუქტების გამოყენებით შესაძლებელია ააშენო საკუთარი ელექტრონული მაღაზია ან ბაზარი ინტერნეტში, ურთიერთობა დაამყარო სრულიად ახალ მომხმარებლებთან მსოფლიოს მასშტაბით, გახდე უბარიერო ინტერნეტ-ბაზრის აქტიური, სრულყოფილი მოთამაშე და სხვა, რაც როგორც ადგილობრივი, ასევე, საერთაშორისო ბიზნესის განვითარებისათვის უმნიშველოვანესია. თუ გავეცნობით „we are social“ კვლევას , რომელიც თავის მხრივ ცნობილი ორგანზაციების შესაბამის კვლევებს ეყრდნობა, როგორიცაა GlobalWebIndex, GSMA Intelligence, Mobile Connectivity Index; Statista, Akamai-ის State of the Internet, Google-ის Consumer Barometer, StatCounter, Ericsson-ის Mobility Reports-სი. გლობალურად თუ მიმოვიხილავთ, ციფრული სამყარო საოცრად გაიზარდა 2016 წელს, თითქმის ყველა მნიშვნელოვანი მაჩვენებლით 2015 წელთან შედარებით: 2017 წლის მთავარი ციფრები ასე გამოიყურება: 3.773 მლრდ გლობალურად ინტერნეტ-მომხმარებელი, რაც პენეტრაციის 50%-ს შეადგენს. 2.8 მლრდ გლობალურად სოციალური მედიის მომხმარებელი – პენეტრაციის 37%-ის ეკვივალენტურია; 4.92 მლრდ გლობალურად მობილურის მომხმარებელი – 66% პენეტრაციის; 2.56 მლრდ გლობალურად მობილურით სოცმედიის მომხმარებელი – 34% პენეტრაციის; 1.61 მლრდ გლობალურად ელკომერციის მომხმარებელი – 22% პენეტრაცის. აქტიური სოციალური მედიის მომხმარებელთა რიცხვი 222 მლნ-ითაა გაზრდილი, რაც 5%- იანი ზრდაა და მობილური სოციალური მედიის მომხმარებლები შთამბეჭდავი, 581 მლნ-ით, 2016 წლის განმავლობაში 30 %-ითაა გაზრდილი [5;13].

რაც შეეხება საქართველოს ციფრულ მონაცემებს, მცირე, მაგრამ მაინც უარყოფითი ტენდენციაა მოსახლეობის რაოდენობაში, რომელიც 1 %-მდეა შემცი- რებული და 2% -იანი ნაკლებობა შეინიშნება მობილურ აბონენტთა სტატისტიკაში. მნიშვნელოვანია ასევე მზარდი დინამიკის აღნიშვნა აქტიურად სოციალური მედიის მომხმარებელთა რიცხვში, რომელიც 38%-ითაა გაზრდილი - სხვაობა ნახევარ მლნ მომხმარებელს შეადგენს, ხოლო ზოგადად სოციალური მედიის მომხმარებელთა რაოდენობაში 22%-იანი ზრდა ფიქსირდება 2016 წლის განმავლობაში. ინტერნეტ- მომხმარებელთა რაოდენობა უმნიშვნელოდ, მაგრამ მაინც გაზრდილია 4%-ით [5] (იხ. დიაგრამა).

ციფრული საქართველო 2016-2017 წლები (მლნ მომხმარებელი) [5]

დიაგრამა 1

დაქსელილი სამყარო და ქსელური ურთიერთობები ბიზნესში თანამედროვეობის მონაპოვარია. ახალი ტექნოლოგიები, ელექტრონული პლატფორმები, განსაკუთრებით კი სოციალური მედიის პლატფორმები ცვლის გლობალურ ეკონომიკას სწრაფი ტემპებით. არამხოლოდ ინსტრუმენტები იცვლება, არამედ ბიზნეს-პროცესებიც, რაც ტექნოლოგიური ინოვაციების განვითარებას მოყვება, მუდმივად განვითარებადი და ადაპტირებადი ტექნოლოგიები მართავს და გარდაქმნის ბიზნეს-პროცესებს ყოველდღიურად. პარტნიორებსა და მომხმარებლებთან ურთიერთობისთვის ბიზნესი გამუდმებით უნდა ცდილობდეს იპოვოს უკეთესი საშუალებები, შესთავაზოს უკეთესი ხარისხი და კომფორტული გახადოს საქმიანი ურთიერთობები, რაშიც ელექტრონული სერვისების როლი განუსაზღვრელად მაღალია, რომელიც ბიზნესს ყველა ფუნქციონირებად რგოლში ეხმარება და უალტერნატივო საშუალებაა ბიზნესპროცესების გაუმჯობესებისთვის.

სახელმწიფო მუდმივად უნდა ცდილობდეს შესთავაზოს თავის მოქალაქეებს მოქნილი ელექტრონული სერვისები, მათ შორის სხვადასხვა ენაზე, როგორც რეზიდენტ, ასევე, არარეზიდენტ მომხმარებლებს, მაშინ როცა საქართველო ყოფილი რუსულენოვანი ეკონომიკური სივრცის ნაწილი იყო და როცა დღემდე ინვესტორთა რიცხვში ყოფილი საბჭოთა ქვეყნები დომინირებენ, როგორიცაა, მაგალითად, აზერბაიჯანი რომელიც 2016 წლის მონაცემებით, ყველაზე დიდი ინვესტორი იყო საქართველოში - 578 მლნ დოლარით, რაც მთლიანი ინვესტიციების 35 %-ია [14], საფიქრებელია, რომ სახელმწიფო უწყებების ვებგვერდები, რომლებიც პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ ინფორმაციას, ასევე შესყიდვების, დეკლარირებისა და დასაქმების შესახებ საჭირო მექანიზმებს სთავაზობენ მომხმარებლებს, სასურველია იყოს სხვა საერთაშორისო უცხო ენებზეც, მათ შორის რუსულზეც, რომელსაც მეტ-ნაკლებად საქართველოში მცხოვრები უმცირესობებიც ფლობენ, ვისთვისაც სახელმწიფო ცდილობს მიმზიდველი გახდეს თავისი ეკონომიკური გარემოთი, ახალი ბიზნეს-ურთიერთობების შესაძლებლობებით და სთავაზობს მათ ვიზალიბერალიზაციით მიღწევად სიკეთეებს. ურიგო არ იქნებოდა ამასთან ერთად, ენობრივი ბარიერებიც გადელახა, სხვა შემთხვევაში, ასეთი ბიზნეს-სუბიექტები სხვაგან მოძებნიან საკომუნიკაციო არხებს და იქ და იმ მიმართულებით განვითარდებიან, სხვა ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ სივრცეზე გააკეთებენ არჩევანს, სხვაგან დახარჯავენ ფულს და დაიკარგებიან როგორც პოტენციური მომხმარებლები. ამიტომ უფრო მეტი სოციალური პასუხისმგებლობაა საჭირო, როგორც ბიზნესის, ასევე, სახელმწიფოს მხრიდან, რომ უკეთესი ადაპტირებული გარემო შეიქმნას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის და მოხდეს შესაბამისი ადაპტირება ოფიციალური ვებგვერდებისა, რათა გაიზარდოს სხვა ელექტრონული სერვისების ხელმისაწვდომობა. ბიზნეს-სუბიექტებთან უკეთესი ტრანზაქციული ურთიერთობის მიზნით, აუცილებელია ინტერნეტაპლიკაციების შექმნა სხვადასხვა უწყების მხრიდან, სადაც ერთ ინტერფეისში ბიზნესის განვითარებისა თუ უცხოური ინვესტიციების მოზიდვისათვის სავალდებულოდ მიჩნეული ინფორმაცია იქნება ინტეგრირებული და სრულყოფილად გათვალისწინებული.

ლიტერატურა:

1. „ელმმართველობის განვითარების ინდექსი“, გაერთიანებული ერების კვლევები 2008- 2016. United Nations E-Government Surveys:2016 E-Government for Sustainable Development,2014 E-Government for the Future We Want, 2012 E-Government for  the People, 2010 Leveraging E-Government at a Time of Financial and Economic Crisis,2008 From E-Government to Connected Governance. www.publicadministration. un.org. გაერო ეკონომიკისა და სოციალურ საკითხთა დეპარტამენტი. ა.შ.შ. ნიუო- რკი. 2008-2016. www. un.org

2. სკეკ-ის ანალიტიკური პორტალი.https://analytics.gncc.ge/

3. ფრიდომ ჰაუსი. ინტერნეტის გავრცელების რეინტინგი მსოფლიოს მასშტაბით,16.11.2017 https://freedomhouse.org/report/freedom-net/2016/georgia

4. მსოფლიო ბანკი.http://www.doingbusiness.org/reports/regional-reports

5. სიმონ კემპი. დიგიტალ-2017. გლობალური მიმოხილვა,ინტერნეტ-ჟურნალი“ we are social“. 26 Mercer St, New York, NY 10013 24.01.2017 .https://wearesocial.com / we are social 2016-2017.

6. ელექტრონული მმართველობის გზამკვლევი. 2014, იუსტიციის სამინისტრო. My.gov.ge. EU. ევროკავშირისა და საქართველოს ელექტრონული მმართველობის მექანიზმი.

7.     https://www.pwc.com/ge/en.html

8. “ციფრული საქართველო”. ელექტრონული საქართველოს სტრატეგია და სამოქმე- დო გეგმა 2014-2018. ბ. კრაბინა, პ.ლიუ, მ.ნილსენი,ჯე. მილარდი, პი. რეიხსტედტერი, მარია ა.ვიმერი.

9. ელექტრონული სერვისების ეფექტურობის და ეფექტიანობის შეფასება საქართვე- ლოში, 2015. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი, Estonian development cooperation, Praxis.

10. შემოსავლების სამსახურის წერილი NN: 21-11/409799 (გამოთხოვილი საჯარო ინფორმაცია).

11. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2015-2016 ანგარიშები. http://procurement gov.ge/ELibrary/AnalyticalStudiesReports.aspx

12. builtwith. ელ-კომერციის პლატფორმების გამოყენების სატისტიკა. სიდნეი.4.09.2017 https://trends.builtwith.com/shop

13. სტატისტიკების პორტალი statista.com . ელ-სერვისები მსოფლიოს მასშტაბით. გერმანია.2016 წლის დეკემბერი. https://de.statista.com/outlook/261/100/eservices/ weltweit№

14. საქართველოს სტატისტიკის ეროვნულისამსახური http://www.geostat. ge/?action=page&p_id=2230&lang=geo